Escolar Documentos
Profissional Documentos
Cultura Documentos
(1876 –– 1940)
ივანე ჯავახიშვილმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ჰუმანიტარული
მეცნიერების, პირველ ყოვლისა კი საისტორიო მეცნიერების აღორძინება-წინსვლაში.
მისი მოღვაწეობით იწყება ჩვენში ახალი ეტაპი საისტორიო და ისტორიის მომიჯნავე
სხვა დარგების განვითარებაში. მისმა შემოქმედებამ, როგორც მასაზრდოებელმა
წყარომ, სათავე მისცა ახალი დროის ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების მრავალ
ნაკადს. ღრმა ერუდიციისა და მაღალი კულტურის, კოლოსალური
შრომისმოყვარეობისა და მეცნიერებისადმი უსაზღვრო თავდადების წყალობით ივანე
ჯავახიშვილი ქართული მეცნიერების კორიფედ იქცა, რომლის შარავანდედით
მოცული სახელი ამშვენებს და მუდამ დაამშვენებს ქართული მეცნიერების ისტორიას.
ამიტომ არის რომ ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო ზეიმი
ქართული საბჭოთა მეცნიერებისა და კულტურის ყველა მუშაკმა, მთელმა ჩვენმა
საზოგადოებამ 1976 წელს აღნიშნა ასეთი დიდი სიყვარულით, ამ დიდი მეცნიერისა
და მოღვაწისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნით. მეცნიერების წინაშე ივანე
ჯავახიშვილის დიდი დამსახურების ერთ-ერთი აღიარებაა მისი თხზულებების
თორმეტტომეულის ეს გამოცემაც, რომელიც დაიწყო ამ საიუბილეო თარიღთან
დაკავშირებით.
რევოლუციამ ცხადყო, რომ ცარიზმის კოლოსი თიხის ფეხებზე იდგა, რომ მისი
დანგრევა გარდუვალი იყო. ყოველი პროგრესულად განწყობილი და შორსმჭვრეტელი
მოღვაწის ვალი იყო მომავალზე ეფიქრა. ივანე ჯავახიშვილი ახალი შავბნელი
რეაქციის წლებში მდიდარი წარსულის მქონე ქართული კულტურისა და ქართული
მეცნიერების აღორძინებაზე ფიქრობდა და არა მარტო ფიქრობდა, არამედ
აქტიურადაც იღვწოდა ამისათვის ნიადაგის მოსამზადებლად. ამისათვის საჭირო იყო
თვით საქართველოში შექმნილიყო მეცნიერული კერა — გახსნილიყო ქართული
უნივერსიტეტი, რომელიც ამ დიდ მისიას იკისრებდა და მას წარმატებით
გაუძღვებოდა. თვითონ ივანე ჯავახიშვილი — პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-
დოცენტი — თავისი საქმიანობით ამ მხრივ მაგალითის მომცემი იყო. მისი სამეცნიერო
ნაშრომები უკვე იმ დროს იბეჭდებოდა არა მარტო რუსულად, არამედ ქართულადაც.
უნივერსიტეტში ლექციებს იგი ყოველთვის, როდესაც მსმენელთა წრე ამის
საშუალებას იძლეოდა, როგორც ვთქვით, ქართულად კითხულობდა. არდადეგების
დროს ივანე ჯავახიშვილი საქართველოს მოაშურებდა ხოლმე და თბილისში,
ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში საჯარო ლექციებს კითხულობდა საქართველოს
ისტორიასა და ქართული კულტურის ისტორიაში. ამ ლექციებს ქართველი
საზოგადოება დიდი ინტერესით ხვდებოდა. ივ. ჯავახიშვილის ლექციები ქართველ
ხალხს აყვარებდა სამშობლოს, უნერგავდა უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის
სურვილს. იმდროინდელი ქართული პრესა გულთბილად და აქტიურად ეხმაურებოდა
ამ ლექციებს და მაღალ შეფასებას აძლევდა მათ მეცნიერულ დონესა და
საზოგადოებრივ მნიშვნელობას. ივ. ჯავახიშვილი ადრიდანვე სამოღვაწეო ასპარეზზე
ჩანს, როგორც პროგრესისათვის აქტიური მებრძოლი, რომლისათვისაც მეცნიერული
მუშაობაც საზოგადოებრივი აქტივობის ერთ-ერთი ფორმათაგანია.
უკვე 1919 წელს ივ. ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისის უნივერსიტეტს— იგი
აირჩიეს მის რექტორად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 1926 წლამდე. ამის შემდეგაც,
სიცოცხლის ბოლომდე, ხანმოკლე პერიოდის გარდა (1931 — 1933 წწ.) იგი
უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
* * *
იმავე 1926 წელს გამოქვეყნდა ივ. ჯავახიშვილის ამავე დიდი ნაშრომის კიდევ სხვა
წიგნი — "ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა". მასში მიმოხილულია
მეცნიერების ამ დარგის განვითარება სხვადასხვა ქვეყნებში, დადგენილია სათანადო
ტერმინოლოგია, მოხდენილია სიგელთა კლასიფიკაცია, ავტორი იკვლევს სიგელთა
აღნაგობას, მათი დაწერა-გაცემის წესს, იხილავს საბუთების სანდოობის საკითხს და
სხვ.
ივ. ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" მესამე წიგნი გამოიცა უკვე მისი
სიკვდილის შემდეგ, 1941 წელს. იგი მოიცავს საქართველოს ისტორიას XIII — XIV
საუკუნეთა მანძილზე. ივ. ჯავახიშვილის სიცოცხლეში გამოქვეყნებული იყო
"ქართველი ერის ისტორიის" მეოთხე წიგნის მხოლოდ ერთი, პირველი ნაწილი (1924
წ.). სრული სახით ეს წიგნიც გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ, 1948 წელს. ამ
წიგნში გადმოცემულია XV — XVI საუკუნეების საქართველოს ისტორია.
ის მცირე რამ, რაც ჩვენს მიერ ითქვა ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო შემოქმედების
შესახებ, თვალნათლივ მოწმობს მის დიდ დამსახურებაზე მეცნიერების წინაშე.
როგორც ვხედავთ, ფაქტიურად არ დარჩენილა საქართველოს ისტორიის, აგრეთვე
მისი დამხმარე და მომიჯნავე ქართველოლოგიური დისციპლინების არც ერთი უბანი,
რომელსაც მისი მადლიანი ხელი არ შეხებოდეს, რომელიც მისი მძლავრი ტალანტისა
და გატაცებული ძიების კვალს არ ატარებდეს.
რაც დრო გავა, ჩვენი მეცნიერება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ წარმატებებს
მოიპოვებს, კიდევ უფრო წინ წავა, მაგრამ ქართული საისტორიო მეცნიერების,
საერთოდ ქართული მეცნიერებისა და კულტურის ისტორიაში უკვდავი იქნება ივანე
ჯავახიშვილის სახელი, რომელმაც ყველაზე მძიმე სამუშაო შეასრულა — ნიადაგი
შეუმზადა ქართული მეცნიერების ამ აღორძინებას. ამიტომ არის, რომ დღესაც
ქართული საბჭოთა მეცნიერების ყველა მუშაკს ივანე ჯავახიშვილი თავის უშუალო
წინაპრად და თავისი თავი მის მოწაფედ და მემკვიდრედ მიაჩნია. ეთხოვებოდა რა მის
ცხედარს, აკად. აკ. შანიძე ამბობდა: "დიდო ივანე! შენს მოწაფეებად სთვლიან თავს
არა მარტო ის პირნი, რომელნიც შენი უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდნენ
(ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, ფილოლოგები, ლიტერატურის ისტორიის
მკვლევარნი, ხელოვნების ისტორიკოსები, არქეოლოგები და ეთნოგრაფები), არამედ
მეცნიერების სხვა დარგის წარმომადგენლებიც: ბუნებისმეტყველები და სხვანი".
* * *