Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, ფინანსური ამნისტია უკლებლივ ყველა მედიასაშუალებას შეეხოს

"სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, ფინანსური ამნისტია უკლებლივ ყველა მედიასაშუალებას შეეხოს. ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერი დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვით, ფინანსური ამნისტია მხოლოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-ს, "ტელეიმედსა" და რეგიონალურ ტელევიზიებს ეხება. "მსურს მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი, როგორც მერობის კანდიდატის და "სახალხო დემოკრატების" პოზიცია, რომ ჩვენ, ზოგადად, ფინანსური ამნისტიის ხშირ პრაქტიკად გადაქცევის წინააღმდეგი ვართ, თუმცა, ამავე დროს, ქვეყნის და ეკონომიკის ინტერესებდან გამომდინარე, გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება, მსგავსი ამნისტიის განხორციელება, თუმცა ამას კარგად აწონ-დაწონვა და ფინანსურეკონომიკური დასაბუთება სჭირდება. წინააღმდეგი ვარ ამნისტია ბიზნესის ერთ რომელიმე ცალკე აღებულ მიმართულებას შეეხოს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ფინანსური ამნისტია ყველა ტელევიზიაზე, რადიოზე, ჟურნალგაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვექნება მედიის ერთი ნაწილის დისკრიმინაციის ფაქტი", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, განსაკუთრებულად დღეს ტელეკომპანიებს "კავკასიასა" და "მაესტროს" უჭირს და თუ მედიის დახმარებაზეა საუბარი, პირველ რიგში, მათ და მათ მსგავს მედიასაშუალებებს უნდა გაეწიოს ეს დახმარება. ყველა მედიასაშულებაზე ამნისტიის გავრცელების შესახებ "სახალხო დემოკრატები" პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობით დღეს მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ რეგიონალური ტელევიზიებისთვის დავალიანების ჩამოწერის ინციატივა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა

Você também pode gostar