Você está na página 1de 1

“სახალხო დემოკრატები” ვერეს ხეობის გაჩეხვასა და გმირთა მოედნის რეკონსტრუქციას აპროტესტებენ

“სახალხო დემოკრატები” ვერეს ხეობის გაჩეხვასა და გმირთა მოედნის რეკონსტრუქციას აპროტესტებენ. ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა, დღეს, გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. ივანიშვილი მიესალმება შენებას, ოღონდ არა ნგრევის ფასად.მისი თქმით, ესტაკადის მშენებლობას თან ერთვის ვერეს ხეობის გაჩეხვა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე კლდის მონგრევა და ყოვლად გაუაზრებლად გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია. “არ არსებობს გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის გეგმა, არავის არაფერი უკითხავს გმირთა მოედნის პროექტის ავტორისთვის, რომელიც ცოცხალია და მასთან აუცილებელი იყო ამ მშენებლობის გეგმის შეთანხმება. იმ ბანერზე კი, რომელიც გვაღირსეს და როგორც იქნა, გამოფინეს, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე მხოლოდ წითელი ხაზია გავლებული. არ არსებობს პროექტი, არ არსებობს პროექტის ხარჯთაღრიცხვა,”_ განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი და თბილისის მერი ავტომანქანაში იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ძეგლი უნდა დაიდგას გმირთა მოედანზე. “მავანი ამბობს, რომ იგი უნდა იყოს თერთმეტსართულიანზე მაღალი და მასზე უნდა ამოიტვიფროს გმირთა სახელები, ოღონდ არ გვეუბნებიან, რომელი გმირების, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების, II მსოფლიო ომში დაღუპულების, თუ ისტორიულ წარსულში დაღუპული გმირების საერთოდ”_ განაცხადა ივანიშვილმა. “სახალხო დემოკრატების” განცხადებით, იმდენად გათავხედდა ოფიციოზი, რომ ძეგლის პროექტის შესარჩევად კონკურსიც არ გამოცხადებულა და ისიც კი არაა ცნობილი, თუ რა დაუჯდება ეს ქალაქის ბიუჯეტს. “მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური გაერთიანება `სახალხო დემოკრატები~ და მე, როგორც მერობის კანდიდატი, ამ საკითხებს პრინციპულად დავაყენებთ და ყველაფერს სულ მალე ჩვენი თანამოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ” – აცხადებს მერობის კანდიდატი. ნიკა ივანიშვილი დაუშვებლად და აღმაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული სამუშაოები ისე დაიწყო, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს არ მოუთხოვია გარემოზე ასეთი მასშტაბური ზემოქმედების ექსპერტიზა. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ზემოქმედების მასშტაბი კატასტროფული იყოს, თანაც ისეთი გადატვირთული რაიონის მახლობლად, როგორიც ვერა და ვაკეა. “ასეთი უპასუხისმგებლობა უნდა შეწყდეს. ჩვენ აღარ დავუშვებთ მომავალში ამდაგვარ ვაკხანალიას და გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების თანადგომის იმედი” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

Você também pode gostar